გაიზიარებს თუ არა ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს - ამის შესახებ ცნობილი 15 დეკემბერს გახდება. მანამდე კი პოლიტიკური აქტორები ევროპული მხარის მიერ დამატებით წაყენებული 9 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე მიუთითებენ. ოპოზიციის ნაწილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დათქმების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების ფორმატში ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს. მეორე ნაწილი კი შეთავაზებაზე უარს აცხადებს. თავის მხრივ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოპონენტების დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად პრიორიტეტების შესრულებაზე მუშაობას გააგრძელებენ.