ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციას აძლიერებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. მათი მტკიცებით, ოპერაცია დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე ხორციელდება. თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის ძალები სამედიცინო გუნდებს და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებს მოიცავს, რომლებმაც რთული გარემოსთვის მოსამზადებლად სპეციალური ტრენინგი გაიარეს. მათივე თქმით, მთავარი მიზანია მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს ზიანი არ მიადგეთ. პარალელურად, „ჰამასი“ უარყოფს, რომ საავადმყოფოს ოპერაციებისთვის იყენებს და საერთაშორისო კომიტეტს ტერიტორიაზე შესვლისა და მისი შემოწმებისკენ მოუწოდებს. ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ ღაზაში, ალ შიფას საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმაში დამნაშავეები ისრაელი და აშშ არიან. ამასთან, საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ჰუმანიტარული პაუზების აუცილებლობაზე საუბრობენ.