ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰამასის“ 200 სამიზნეს დაარტყეს. მათივე თქმით, თავდაცვის ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა და ვერტმფრენებმა დაარტყეს ტერორისტებს, რომლებმაც ჯარისკაცების წინააღმდეგ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაისროლეს. ამ დროისთვის ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთში ათასობით ადამიანი გადავიდა. Wall Street Journal-ის განცხადებით ისრაელის პარლამენტის წევრები ევროპის ქვეყნებს ღაზის სექტორიდან ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ორი დეპუტატი აცხადებს რომ თუ ევროპის ქვეყნები ლტოლვილებს მიიღებენ, ეს კონფლიქტის განმუხტვას მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ღაზას სექტორის საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს . ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური დანაკარგით დასრულდება.