ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს არ წყვეტს. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციას აძლიერებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ღაზის უდიდესმა ალ-შიფას საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. საავადმყოფოში მძიმე ვითარებაა, თითქმის სრულად არის გათიშული ელექტროენერგია, საკვები და წყალი კი დეფიციტშია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში მდებარე შიფას ჰოსპიტალს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, მაგრამ „ჰამასმა“ სამედიცინო ცენტრს მის მიღებაში ხელი შეუშალა. საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო ევროკავშირი შეშფოთებულია. წითელი ჯვარი კი აცხადებს, რომ ღაზაში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მძევლები გაათავისუფლოს ამ მცდელობაში კი ისრაელს მთელი მსოფლიო უნდა შეუერთდეს. ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შემთხვევაში განიხილება.