ლონდონში ულტრა-მემარჯვენე მომიტინგეები, პალესტინის მხარდამჭერთა მსვლელობის წინ, პოლიციას დაუპირისპირდნენ. BBC-ის ინფორმაციით, დაპირისპირებამდე მომიტინგეები შეკრებილი ხალხისა და პოლიციის მიმართ სკანდირებდნენ, რომ ისინი ინგლისელები არ არიან და პრო-პალესტინელ აქტივისტებს დემონსტრაციის ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ. ლონდონის პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი პირი, რომელიც უაითჰოლის ტერიტორიაზე ცივი იარაღით გადაადგილდებოდა, დაკავებულია. ულტრა-მემარჯვენე აქციების ფონზე დემონსტრაცია გამართეს პალესტინის მხარდამჭერებმაც. მათ მსვლელობა ჰაიდპარკთან გამართეს. ლონდონის ქუჩებში უსაფრთხოებას 2 000-ზე მეტი პოლიციელი იცავდა.