საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი - მონაცემებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი აქვეყნებს და წერს, რომ ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე. ორგანიზაციის შეფასებით, ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება 2016 წელს გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, 39%-ში პოლიცია არ პატრულირებს. ორგანიზაციის შეფასებით, სუსტია საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების პრევენციის მიზნით.