პრიორიტეტი იქნება ის, რომ გამოვლენილი დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ და განხორციელდეს შესაბამისი დევნა. ეს არის სახელმწიფოს გეგმა და მგონი, ეს ყველაფერი ლოგიკაში ჯდება, - ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საოკუპაციო ძალების მიერ ქართველის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე.
აღნიშნული კომენტარი შაყულაშვილმა სოფელ კირბალში გააკეთა, სადაც რუსების მიერ მოკლულის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„ვუსამძიმრებ ოჯახს. ზოგადად, ამ ქეისთან დაკავშირებით მინდა ასეთი რაღაც ვთქვა, აქამდე ვთქვი, რომ სახელმწიფოს ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო გატაცებული ადამიანის გამოყვანა, ახლა, უკვე პრიორიტეტი შეიცვალა და პრიორიტეტებს შორის ნომერ პირველ ადგილზე არის ის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება. ამის შემდეგ პრიორიტეტი იქნება ის, რომ გამოვლენილი დამნაშავე პირები პასუხისგებაში მიეცნენ და განხორციელდეს შესაბამისი დევნა. ეს არის სახელმწიფოს გეგმა და მე მგონი, ეს ყველაფერი ყველა ლოგიკაში ჯდება. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, გვყავს ჩვენ შესაბამისი უსაფრთხოების სამსახური, რომლებიც ყველანაირად უზრუნველყოფენ საჭირო უსაფრთხოებას და არსებულ ხაზს ბოლომდე მიჰყვებიან“, - განაცხადა შაყულაშვილმა.