ნაფიცმა მსაჯულებმა გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი და მოკლული ქალი ბიძაშვილები იყვნენ. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან. მამაკაცი ქალზე ფიზიკურად ძალადობდა, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს. მკვლელობის დღეს, აპრილის თვეში, ბრალდებული დაზარალებულს რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. მიყენებული დაზიანებებით დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.