ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანას, „ჰამასთან“ ომის დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორის დაპყრობა, ოკუპაცია ან მართვა არ სურს. ღაზაში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, გამოცხადებული ოთხსაათიანი პერიოდული პაუზები ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ სირიაზე დარტყმები განახორციელეს. ამასთან, ირანი აცხადებს, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ მიყენებული ზიანის მასშტაბები კონფლიქტის გაფართოებას აუცილებლად გამოიწვევს.