ევროპარლამენტმა „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ალიანსი უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების უფრო მკაცრად აღსრულებას მხარს უჭერს. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, სანქციების აღსრულებაზე ზედამხედველობა გააძლიერონ და ამ მიზნით, ევროკავშირის დონეზე ცენტრალიზებული ორგანო შექმნან. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სანქციების გვერდის ავლის პრევენციისა და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება მნიშვნელოვანია. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს, გააძლიეროს კოორდინაცია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული სანქციების აღსრულებაზე, სათანადოდ დახუროს ევროკავშირის ბაზარი რუსული წარმოშობის წიაღისეული საწვავისთვის და რუსეთის ყველა მსხვილ ნავთობკომპანიას, ასევე საბჭოებსა და მენეჯმენტს სანქციები დაუწესოს. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა „დიდ შვიდეულთან“ ერთად, რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზედა ზღვრის შესამცირებლად, ასევე რუსული თხევადი გაზის იმპორტზე სრული აკრძალვის დასაწესებლად უნდა იმუშაოს.