ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ქალაქ ეილათში მდებარე სკოლაზე დრონით თავდასხმის საპასუხოდ სირიაში დარტყმები განახორციელეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე ერთ-ერთი ორგანიზაცია იყო, რომელმაც დრონი გაუშვა, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, ვინ იდგა სკოლის შენობაზე თავდასხმის უკან. ისრაელი ღაზაზე საჰაერო იერიშებს განაგრძობს, სახმელეთო ოპერაცია აქტიურ ფაზაშია. ღაზაში არსებული რთული ჰუმანიტარული ვითარების გამო, თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელი ჩრდილოეთ ღაზას სექტორში ყოველდღიურად სამხედრო ოპერაციებში 4-საათიან პაუზებს აიღებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, გამოცხადებული ოთხსაათიანი პერიოდული პაუზები ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე გავლენას არ მოახდენს. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციების გაღრმავებას ღაზაში გააგრძელებს. ამასთან, ჰაგარმა კომენტარი პალესტინის ისლამური „ჯიჰადის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოზეც გააკეთა, რომელშიც ორი ისრაელელი მძევალია ნაჩვენები. მისივე თქმით, ქვეყანა მძევლების ტყვეობიდან გამოსახსნელად ყველაფერს აკეთებს. ისლამური „ჯიჰადის“ განცხადება, რომ ორ მძევალს გაათავისუფლებენ კი „ფსიქოლოგიური ტერორიზმია.