სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადის შეხვდა.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორამციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს.
„ა.წ. 9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.
შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ ჩვენი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.
ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და პატივისცემა გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიისადმი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.