ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში რთული ვითარებაა. თავდასხმები განსაკუთრებით ძლიერი ავიდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით იყო. გენშტაბის ცნობით, მტერი ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობს, თუმცა მიზნის მიღწევას ვერ ახერხებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ მტრის 890 ჯარისკაცი მოკლეს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები 306 800 სამხედროს შეადგენს. გენშტაბის ცნობითვე, რუსულმა ძალებმა გასულ 24 საათში, სარაკეტო იერიში რამდენიმე ოლქის ათობით ქალაქზე მიიტანეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ოკუპანტებმა 3 სარაკეტო, 35 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 30 დარტყმა განახორციელეს. დაჭრილი და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. გენშტაბის ცნობით დიდია მტრის დანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვა მტრის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევებს წარმატებით ავრძელებს.