ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. არსებული ინფორმაციით ჰამასი სამალავებად ღაზაში არსებულ საავადმყოფოებს იყენებს. პარალელურად, ღაზაში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია და საჰაერო იერიშები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ქვეყნის ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან. მინისტრის განმარტებით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარები ღაზაში მოქმედებენ და ქალაქს ალყაში აქცევენ. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 31-მდე გაიზარდა. „ჰამასის“ მიერ მართული ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ღაზაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვია. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“, 7 ოქტომბერს, ქვეყანას თავს მოულოდნელად დაესხა. შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.