პენტაგონის პრესსპიკერი, პეტ რაიდერი აცხადებს, რომ ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბერს დაწყებული თავდასხმების შემდეგ იერიში 38-ჯერ მიიტანეს. მისივე ინფორმაციით, თავდასხმების უმეტესი ნაწილი რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა და, სავარაუდოდ, ეს ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა გააკეთეს. რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები აღენიშნება. პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, ამჟამად აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: ესაა რეგიონში აშშ-ის ძალებისა და მოქალაქეების დაცვა, ასევე „ჰამასის“ დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის დახმარება, მძევლების გათავისუფლება და ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.