ისრაელი გმობს რუსეთის ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მოუწოდებს დაკავებული მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გათავისუფლებისკენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის განცხადებაში, რომელსაც სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" აქვეყნებს.
„ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.
ისრაელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - წერს ელჩი განცხადებაში.
ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.