„დაკავების მცდელობისას მათ მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით, მათ სცადეს ავტომობილით მესაზღვრეს შესჯახებოდნენ და შემდეგ საქართველოში გამგზავრებულიყვნენ. ამ უკანონო ქმედებების აღსაკვეთად და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის თავიდან ასაცილებლად, მესაზღვრეებმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს და მას შემდეგ რაც სამართალდამრღვევები კანონიერ მოთხოვნებს არ დაემორჩილნენ, ცეცხლი გაუხსნეს მათი ავტომობილის საბურავებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ე.წ. „საზღვრის“ ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაიჭრა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით „საქართველოს ტერიტორიაზე“ გადაიყვანეს, მეორე კი - დააკავეს.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.
კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".
შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.