ისრაელ-ჰამასის ომი გრძელდება. ტერორისტული დაჯგუფება ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელი ღაზას სექტორზე სახმელეთო და სარაკეტო იერიშებს აგრძელებს. არმიამ ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევა დაასრულა და სანაპირო ხაზის გასწვრივ წინ წაიწია. სახმელეთო ჯარებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ საგუშაგო დაცვა აიღეს. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ რამდენიმე წევრი და საველე მეთაური, მათ შორის სპეცოპერაციების ხელმძღვანელი, ჯამალ მუსა. ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ 450-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. არსებული მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე ისრაელში 1400-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, ღაზაში გარდაცვლილთა რიცხვი კი 9700-ს აჭარბებს. 200-ზე მეტი ისრაელელი ამ დრომდე ღაზაში ჰამასის ტყვეობაში რჩება. ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შუა აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები მთელი მსოფლიოს მომავალს ეხება. მისივე თქმით, ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესამცირებლად ძალისხმევას არ იშურებს, „ჰამასი“ კი მშვიდობაინი მოქალაქეებისათვის ზიანის მისაყენებლად ყველაფერს აკეთებს.