ისრაელისა და ჰამასს შორის ომის 28-ე დღე მიმდინარეობს. ღაზას სექტორი სრულ ალყაში იმყოფება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა ღაზას სექტორის ხუთ რაიონში მიმდინარეობს. ისრაელის ჯარი „ჰამასზე“ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შეტევებს აგრძელებს. მედიის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში ღაზას სექტორზე საჰაერო შეტევები მიმდინარეობდა, მათ შორის „ალ-ქუდსის“ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სამედიცინო დაწესებულებას თავს 14 000 ადამიანი აფარებს. ამავე ცნობით, ღაზას ჩრდილოეთით მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ საკმაოდ მძიმეა. მათთვის რთულია ღაზას დატოვება, რადგან ისრაელის ჯარები ღაზის ჩრდილოეთ ნაწილსა და სანაპირო გზას აკონტროლებს. შეტაკებები ისრაელისა და ლიბანის საზღვარზეც გრძელდება. ამავდროულად, ოფიციალური თელ-ავივის ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორთან ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტს და ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, რომლებიც ისრაელში სამუშაოდ იმყოფებიან, აღნიშნულ ანკლავში აბრუნებს. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანკლავში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. დაღუპულთა რაოდენობა კი 9 000 ადამიანს აჭარბებს.