ფილიპინები ჩინეთს მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრაში სდებს ბრალს. ფილიპინების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ჩინური საბრძოლო ხომალდი სამხრეთ ჩინეთის ზღვის იმ ნაწილში შეიჭრა, რომელსაც ფილიპინები საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს.
პარალელურად კი განცხადებას ავრცელებს ოფიციალური პეკინი. მათი თქმით, წყლები, სადაც ჩინური ხომალდები გადაადგილდებიან ჩინეთს ეკუთვნის და მათ საერთაშორისო სამართლის პრინციპები არ დაურღვევიათ.
ცნობისთვის, კუნძული ჰუანგიანი და მისი აკვატორია ჩინეთისა და ფილიპინების მუდმივი დავის საგანია. კუნძულზე ოფიციალურმა პეკინმა კონტროლი 2012 წელს დაამყარა, რასაც ფილიპინები უკანონოს უწოდებს.