ჰამასი ისრაელზე თავდასხმებს აგრძელებს. დაიბომბა ქალაქი აშდოთი, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. პარალელურად, ისრაელი ღაზაზე სარაკეტო იერიშებს აგრძელებს და სამხედრო მოქმედებებს აძლიერებს. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მუსლიმურ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ ისრაელთან ექსპორტი შეწყვიტონ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აცხადებს, რომ თუ ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები არ შეწყდება, მათთვის ვინც ამ ომს აწარმოებს მძიმე შედეგები დადგება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია ჰამასის ათობით მებრძოლი. ომის დაწყებიდან დღემდე, ისრაელის სამხედროებმა იერიში „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების თერთმეტი ათას სამიზნე ობიექტზე მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის ჯარს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს, მაგრამ მძიმე ფასსაც იხდის. ღაზაში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში 11 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. პარალელურად, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმისას ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში 50 ადამიანი გარდაიცვალა , 150 კი დაიჭრა, ჯამში კი ღაზაში 8800-მდე ადამიანია დაღუპული. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯაბალიაზე თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა, შენობების ქვეშ არსებული მიწისქვეშა ტერორისტული ინფრასტრუქტურა კი ჩამოიშალა.