ვფიქრობ, რომ „სარტყლისა და გზის ფორუმში“ მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, აბსოლუტურად უსაფუძვლოა , - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან ჩინეთში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო ერთი სარტყლის საერთაშორისო ფორუმზე მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა და სპეკულაცია იყო, არასწორი ინტერპრეტაცია იყო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ობიექტური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ჩვეულებრივ, ეს არ არის სიურპრიზი, როდესაც ანგაჟირებულ ოპოზიციას რეალურად არ აქვს რაიმე ხელშესახები თემა, ცდილობენ თითიდან გამოწოვილი თემებით სპეკულირებას და რაღაც სკანდალის მაგვარის ჩვენებას, შექმნას და მერე საზოგადოებისთვის ამის გაზიარებას. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია, უსაფუძვლოა.
მე განგიმართავთ, რომ საქართველო აბრეშუმის გზის, ერთი გზა, ერთი სარტყლის საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობს ამ ფორუმის დაარსების დღიდან. ფაქტობრივად ყოველ წელს, საქართველო რეგულარულად იყო ამ ფორუმის მონაწილე და საქართველოს დელეგაციები ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ეს არ იყო რაღაც სიურპრიზი. ამ ფორუმში საქართველოსთან ერთად ყოველთვის მონაწილეობდა მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნის ლიდერი და მთავრობის წარმომადგენელი. მიმდინარე წელსაც ფორუმი გაიმართა იმავე ფორმატში, იმავე რეალობაში. ეს არის რუტინა, როდესაც ჩვენ ვმონაწილეობთ ამ ფორუმში, რადგან საქართველო ამ ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დაკავშირებადობის საკითხები, ეკონომიკური საკითხები, აქედან გამომიდინარე ჩვენ ამ ფორუმში მივიღეთ მონაწილეობა. წელს კიდევ ერთი გამონაკლისი იყო და მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რვა წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონდა ჩინეთთან ეკონომიკური მთავრობათშორისი კომისია. მას შემდეგ, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოცხადდა, თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილება გამოცხადდა, ჩვენ მივიღეთ პირველად ეკონომიკურ კომისიაში მონაწილეობა, რომელიც ჩატარდა პეკინში და ჩვენი პარტნიორი იყო ჩინეთის მთავრობა, ძირითადად ვაჭრობის სამინისტრო. განვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკური საკითხები 8 წლის შემდეგ პირველად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის.
ფორუმი გაიმართა ზუსტად კომისიის პარალელურად და ჩვენ ,რა თქმა უნდა, მივიღეთ ფორუმშიც მონაწილეობა. საქართველო როგორც წელს, ისე წინა წლებშიც იყო მონაწილე ამ ფორუმში, რასაც, რა თქმა უნდა, გვქონდა მოწვევა და ამ შემთხვევაში მეც ვმონაწილეობდი ჩემს დელეგაციასთან ერთად. აქ გასაკვირი, მე ვფიქრობ, რომ არაფერია. 150 ქვეყნის წარმომადგენლობა იყო ამ ფორუმში, ფორუმს ესწრებოდა მათ შორის გაეროს გენერალური მდივანი, ასევე ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერი. 150 ქვეყანა წარმოდგენილი იყო მაღალ დონეზე, დიპლომატებითა და მთავრობის წევრებით. ვფიქრობ, რომ ამ ფორუმში მონაწილეობა არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, ხოლო სკანდალი, რომლის შექმნასაც ცდილობენ, მონტაჟირებული და შექმნილი, ხელოვნური კადრებით თუ ინფორმაციით, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან იმ ფორმატში მონაწილეობა, რა ფორმატშიც იყო საქართველო წინა წლებში წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.