რაგბი | ნინიაშვილმა და კარკაძემ თავი ლელოებით გამოიჩინეს - Palitra News

რაგბი | ნინიაშვილმა და კარკაძემ თავი ლელოებით გამოიჩინეს

2023-10-30 10:25:55+04:00

რაგბის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატი განახლდა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მორაგბეებმა თავი გამოიჩინეს.

„ლიონი“ საკუთარ მოედანზე „კლერმონს“ შეხვდა და ანგარიშით 41:22 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ლიდერს, დავით ნინიაშვილს მიუძღვის, რომელმაც მე-20 და 76-ე წუთებზე ორი ლელოს დადება მოახერხა.

ნინიაშვილთან ერთად „ლიონის“ ძირითადში ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მორაგბემ, ბექა საღინაძემ.

ამ ტურში კიდევ ერთმა ქართველმა გამოიჩინა თავი. „მონპელიე“ საკუთარ მოედანზე „რასინგთან“ 16:19 დამარცხდა, მასპინძელთაგან ერთადერთი ლელო ვანო კარკაძემ მატჩის ბოლოს დადო, თუმცა „მონპელიემ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.