ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია ა-ს ერთ-ერთ ლიდერს, „მილანს“ დაუპირისპირდა და აღნიშნული სანახაობრივი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მე-10 ტურის მატჩი, რომელიც „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლიმ“ აქტიურად დაიწყო, მაგრამ ანგარიში 22-ე წუთზე „მილანმა“ გახსნა – კრისტიან პულიშიჩის გადაცემით გამოცდილმა ფრანგმა ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ ისარგებლა, ნეაპოლელთა კარი აიღო და 11-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა.
27-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, მცველს გასცდა და კარის წინ მარტო დარჩენილი მატეო პოლიტანო მონახა, მაგრამ მან ხელსაყრელი მომენტით ვერ ისარგებლა.
31-ე წუთზე კი „მილანმა“ თავისი შანსი გამოიყენა – ჟირუმ დუბლი შეასრულა და სტუმრები შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ – 2:0.
მეორე ნახევარი „ნაპოლიმ“ გაცილებით უკეთ დაიწყო და 49-ე წუთზე მატეო პოლიტანოს ეფექტური გოლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მე-60 წუთზე ხვიჩას ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეფარა და „მილანი“ გადაარჩინა.
„ნაპოლიმ“ ანგარიში მაინც გაათანაბრა – 63-ე წუთზე მასპინძლებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ უნაკლოდ შეასრულა – 2:2. მატჩის მიწურულს კვარაცხელიას კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და „მილანი“ წაგებას გადაარჩინა.
მატჩის მიწურულს არბიტრმა ნათანი გააძევა და „ნაპოლი“ 10 მოთამაშით დარჩა. საბოლოოდ ფრე და „ნაპოლი“ 10 ტურის შემდეგ მოპოვებული 18 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.