ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა, გასულ ღამეს ჰამასმა ისრაელის ქალაქებზე საჰაერო იერიშები მიიტანა, რკინის გუმბათმა რაკეტების განეიტრალება შეძლო. ომის 21-ე დღეს სრული სახმელეთო შეტევა კვლავ არ დაწყებულა, თუმცა ე.წ. რეიდები გრძელდება. ისრაელმა ჰამასის 250-ზე მეტ პუნქტს დაარტყა. მოკლულია "ჰამასის" 5 მეთაური, მათ შორის, ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობდა. რთული ვითარებაა ღაზაშიც, ევროკავშირის ლიდერები ისრაელსა და ჰამასს ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის 50 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს. პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკას კონფლიქტის ხელშეწყობაში და პალესტინაში გენოციდის განხორციელებაში ადანაშაულებს. განცხადებას აკეთებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიც. უწყება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს. უწყების სპიკერის თქმით, ეს „ჰამასს“ გაძლიერებისა და ტერორისტული თავდასხმების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს.