ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ატალანტას“ უმასპინძლა და კაცნაკლულად დარჩენილმა ქულა მოიპოვა – 2:2.
მესამე ტურის შეხვედრაში ქართველი ნახევარმცველი ავსტრიის ვიცე-ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე ანგარიშის გახსნაში დიდი როლი ითამაშა – კიტეიშვილმა ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, წინ სწრაფად წავიდა და საჯარიმოსთან ნახევარმცველი ალექსანდრ პრასი მონახა, მისი დარტყმული იტალიელ მცველს მოხვდა და კარში შევარდა.
„ატალანტამ“ 34-ე წუთზე წონასწორობა ლუის მურიელის გოლით აღადგინა. 38-ე წუთზე კიტეიშვილს ლამაზი გოლის გატანა შეეძლო – მეტოქის მეკარის გადაცემა თავით ჩაჭრა და მოედნის ცენტრიდან ცარიელ კარში დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა. შესვენებამდე კიტეიშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმის ბოლოს, არბიტრის მიერ დამატებულ მეშვიდე წუთზე „ატალანტამ“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა და ლუის მურიელმა იტალიელები დააწინაურა – 2:1.
53-ე წუთზე ავსტრიელების კაპიტანმა, შტეფან ჰირლანდერმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მაგრამ კაცნაკლულმა „შტურმმა“ მაინც მოახერხა ქულის გადარჩენა – მე-80 წუთზე ტონი ჰორვატმა პენალტი გაიტანა და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
სამი ტურის შემდეგ „ატალანტამ“ 7 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერია, „შტურმი“ კი ოთხი ქულით „სპორტინგთან“ ერთად მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებს.
კონფერენს ლიგის ჯგუფის ლიდერი ბრატისლავის „სლოვანი“ მესამე ტურში მეორე ადგილზე მყოფ „ლილს“ საფრანგეთში დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
საფრანგეთში გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიში „სლოვანმა“ გახსნა – 23-ე წუთზე სტუმართა შეტევა ალექსანდარ ჩავრიჩმა დააგვირგვინა.
ფრანგებმა მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარეს და 68-ე წუთზე იუსუფ იაზიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო 82-ე წუთზე რემი საბელამ „ლილი“ დააწინაურა. მატჩის მიწურულს „სლოვანი“ კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა უხეშობისთვის ლუკას ლოვატი გააძევა და „ლილმა“ საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
სამი ტურის შემდეგ „სლოვანს“ ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, ხოლო „ლილმა“ შვიდი ქულა დააგროვა და გალიდერდა.