წელს საქართველომ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი შეიძინა - ყველაზე მეტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ოფიციალური სტატისტიკით ირკვევა, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ 149 685 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, ჯამში 2.2 მლრდ დოლარის ღირებულების, რაც აბსოლუტური მაქსიმუმია. რეკორდულ მაჩვენებლამდე, ყველაზე მეტი ავტომობილი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში შემოვიდა - 117 315 ერთეული, 1.1 მლრდ დოლარის ღირებულების. როგორც აღმოჩნდა, წელს საქართველომ ყველაზე მეტი ავტომობილი იყიდა აშშ - 106 160 ერთეული, რამაც ღირებულებაში მილიარდ 3 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იაპონია, საიდანაც 9 თვეში 16 235 ავტომობილი ჩამოვიდა, დაახლოებით 390 მლნ დოლარის. მესამეზეა გერმანია - 9 502 ავტომობილით, შემდეგ პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, თურქეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ჩინეთი და ბოლოს კანადა. ინფორმაციისთვის, საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მილიარდ 566 მილიონი დოლარის ღირებულების 79 ათასზე მეტი ავტომობილი ექსპორტზე გავიდა. გასული წლის იმავე პერიოდში კი, 58 153 ავტომობილი გავიდა, დაახლოებით 600 ათასი დოლარის ღირებულების.