UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით დამარცხების შემდეგ პაუზას არ გეგმავს. ავსტრალიელი მებრძოლი მზადაა, რომ იანვარში, UFC 297-ზე, ილია თოფურიას წინააღმდეგ იბრძოლოს. როგორც ვოლკანოვსკიმ აღნიშნა, ის UFC-ის წარმომადგენლებს ესაუბრა და უთხრა, რომ აქტიურობა სურს. ავსტრალიელი მებრძოლი აცხადებს, რომ ის კარიერის პიკში იმყოფება და ჩხუბი უნდა. მანვე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნოკაუტის შემდეგ დასვენება სჭირდება.
ვოლკანოვსკიმ ასევე დაამატა, რომ ექიმებთან გამოკვლევა ჩაიატარა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ტვინის შერყევა და ტრავმა არ აწუხებს.
ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი აცხადებს, რომ ილია თოფურიასთან ჩხუბი ნამდვილად ძალიან საინტერესო იქნება და სწორედ ამიტომ, ვოლკანოვსკის მთელი ყურადღების მასზე გადატანა სურს. გარდა ამისა, ავსტრალიელი მებრძოლი მაყურებელს დაპირდა, რომ იანვარში მის საუკეთესო ვერსიას იხილავს.
შეგახსენებთ, რომ ვოლკანოვისკიმ ბოლოს 21 ოქტომბერს, აბუ-დაბიში, ისლამ მახაჩევთან მეორედ იჩხუბა და პირველსავე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.
რაც შეეხება თოფურიას, ესპანეთში მცხოვრები ქართველი მებრძოლი UFC-ში 2020 წლის ოქტომბრიდან გამოდის და მის ანგარიშზე ზედიზედ ექვსი გამარჯვებაა. ბოლოს "მატადორი" ოქტაგონზე წელს ივნისში გავიდა და ამერიკელ ჯოშ ემეტს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. თოფურია ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-5 პოზიციას იკავებს და სატიტულო ბრძოლის მიღების მოლოდინშია.