* დევიდ ლივინგსტონი -
დევიდ ლივინგსტონი, რომელმაც მთელი 30 წელი იმოგზაურა აფრიკაში და ევროპელებს შორის პირველმა შეისწავლა კონტინენტის ცენტრალური და სამხრეთ რეგიონები, ჩანჩქერი ვიქტორია და ზამბეზის მდინარის ხეობა, სამართლიანად ითვლება მე-19 საუკუნის უდიდეს მკვლევარად.
მეტიც, ლივინგსტონი არა მხოლოდ ვიქტორიანული მითის განსახიერებად იქცა, რომელიც კოლონიზატორთა მისიონერობასა და აფრიკის კონტინენტზე ბრიტანული ცივილიზაციის ბატონობას განადიდებდა, არამედ მე-19 საუკუნის სოციალური წარმატების სიმბოლოც გახდა, რადგან მოკრძალებული წარმომავლობის მიუხედავად, მაინც შეძლო სახელისა და დიდების მოპოვება თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების წყალობით.
მე-19 საუკუნის ბრიტანეთში ქრისტიანული ეკლესიის მთავარ მიზანს წარმართებისა და კერპთაყვანისმცემლების ქრისტიანებად მოქცევა წარმოადგენდა, გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაწევრიანებული მეცნიერები კი, უცხო კონტინენტების ბუნებრივი სიმდიდრის კვლევასა და შესწავლას ნატრობდნენ. ამასთანავე, ბრიტანელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ცივილურ სამყაროს ერთგვარი პატრონაჟი უნდა გაეწია ნაკლებად განვითარებული ხალხებისთვის, რომელთაც პროგრესული სამყაროს სამრეწველო პროდუქტის შეთავაზებით დაათმობინებდა ბუნებისგან საჩუქრად მიღებულ სიმდიდრეს. როგორც ჩანს, ბრიტანული საზოგადოების იდეებს იზიარებდა ლივინგსტონიც, რომელიც ბავშვობიდან მოგზაურობასა და მისიონერობაზე ოცნებობდა.
* * *
დევიდ ლივინგსტონი 1813 წლის 19 მარტს დაიბადა შოტლანდიაში, ლანარკშირის საგრაფოს პროვინციულ ქალაქ ბლანტაირში, ჰეილი ლანკასტერისა და აგნესა ჰანტერის ღარიბ ოჯახში. აღსანიშნავია, რომ 1876 წელს, სწორედ ლივინგსტონის პატივსაცემად დაარქვეს შოტლანდიელმა მისიონერებმა მალავიის ერთ-ერთ ქალაქს მისი მშობლიური ბლანტაირის სახელი.
მწირი შემოსავლის მიუხედავად, დევიდის მშობლები, ღრმად მორწმუნე პრესვიტარიანელიები მაინც მაქსიმალურად ცდილობდნენ შვილებისთვის კარგი განათლების მიცემას. მართალია, 10 წლის ასაკში ლივინგსტონი მამას და უფროს ძმას შეუერთდა საფეიქრო ფაბრიკაში, სადაც მინიმალური ანაზღაურებით მუშაობდა მთელი დღე, მაგრამ მაინც შეძლო ლათინური და ბერძნული ენების დამოუკიდებლად შესწავლა. ამასთანავე, ძალიან უყვარდა სათავგადასავლო რომანების კითხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობებზე, თავისუფალ დროს კი, ველურ ბუნებას, ცხოველთა, ფრინველთა ჩვევებს აკვირდებოდა და მცენარეების სასარგებლო თვისებებს სწავლობდა.
* * *
მისიონერობის სურვილი მოზარდ ლივინგსტონს საფეიქრო ფაბრიკაში მუშაობისას გაუჩნდა სასულიერო პირებთან საუბრის შემდეგ, რომლებიც იმავე საწარმოში საქმიანობდნენ, თუმცა ბრიტანეთში ახლად შემოღებული წესების თანახმად, მხოლოდ მათ შეეძლოთ მისიით უცხო ქვეყნებში გამგზავრება, ვისაც სამედიცინო განათლება ჰქონდა.
მართალია, დევიდმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აუცილებლად ექიმი გახდებოდა, მაგრამ მამა აღმოჩნდა წინააღმდეგი, რომელმაც თეოლოგიური განათლების მიღება ურჩია, რადგან საუკეთესო პასტორს და პრესვიტარიანული ეკლესიის წინამძღოლს ხედავდა მასში. დევიდი დიდხანს კამათობდა მამასთან და მხოლოდ შემთხვევით ნაპოვნი ბროშურით შეძლო მისი დარწმუნება, რომელიც მისიონერ ექიმებს ჩინეთში გამგზავრებისკენ მოუწოდებდა. სწორედ ბროშურის წყალობით დაუმტკიცა ლივინგსტონმა მშობლებს, რომ მედიცინა არა თუ ეწინააღმდეგებოდა, არამედ პირიქით, ხელს უწყობდა ღვთის მსახურებაში, მოყვასის დახმარებასა და კეთილი საქმის კეთებაში.
როგორც ჩანს, არგუმენტმა გაჭრა, რადგან საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ დევიდმა გლაზგოს უნივერსიტეტში ჩააბარა მედიცინის ფაკულტეტზე, თუმცა ფაბრიკაში მუშაობას მაინც ვერ დააღწია თავი, რადგან უფროსმა ლივინგსტონმა უარი თქვა მის დაფინანსებაზე, ამიტომ თავად მოუწია ფულის შოვნა და სწავლის საფასურის გადახდა.
1838 წელს ლივინგსტონი ლონდონის მისიონერულ საზოგადოებას შეუერთდა, რომელიც იმ პერიოდში ერთგვარ საერთაშორისო ორგანიზაციად ითვლებოდა, რადგან სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს აერთიანებდა. მართალია, დევიდმა ბრწყინვალე სარეკომენდაციო წერილი წარუდგინა მისიონერებს, მაგრამ გასაუბრებისა და რამდენიმე გამოცდის ჩაბარება მაინც მოუხდა, თუმცა ორგანიზაციაში გაწევრიანებულმა სწრაფად მოიპოვა კოლეგების პატივისცემა, 1940 წელს კი, ოფიციალურად მიენიჭა მისიონერის სტატუსი.
მისიონერთა საზოგადოებაში ლივინგსტონი მეტწილად ბიოლოგიისა და მედიცინის სფეროში საქმიანობდა, შეძენილი გამოცდილების გამოყენებას კი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ცდილობდა. კვლევებს დევიდი უფროს კოლეგასთან რობერტ მოფეტთან ერთად ატარებდა, რომელიც პარალელურად აფრიკის კონტინენტს სწავლობდა. სწორედ მოფეტის მონათხრობის შემდეგ დაინტერესდა ლივინგსტონი ნაკლებად შესწავლილი კონტინენტით, სადაც რამდენიმე წლის შემდეგ გაემგზავრა, მოფეტის ქალიშვილთან - მერისთან ერთად, რომელზეც 1845 წელს იქორწინა.
* * *
პირველი მოგზაურობა ლივინგსტონმა 1949 წელს მოაწყო თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კაპის პროვინციაში, სადაც მოფეტის მისიის წევრებს შეუერთდა. დევიდმა სწრაფად აუღო ალღო აფრიკული ტომების დიალექტს, სნეულთათვის დახმარების გაწევისთვის კი, ბელადების კეთილგანწყობა დაიმსახურა, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფდნენ მკვლევარის ექსპედიციებს პროვიზიითა და გამცილებლებით.
საერთო ჯამში ლივინგსტონმა სამი ექსპედიცია განახორციელა და პირველმა გაიარა ურთულესი მარშრუტი სამხრეთ სანაპიროდან კონტინენტის შიდა რაიონებამდე, მერე კი დასავლეთისკენ ანგოლის ტერიტორიის გავლით და სწორედ მაშინ მიაკვლია ჩანჩქერს, რომელსაც ადგილობრივები ‘’ბოლის გუგუნს’’ ეძახდნენ, თვითონ კი, ‘’ვიქტორია’’ უწოდა ბრიტანეთის დედოფლის პატივსაცემად, მოგვიანებით მკვლევარმა ზამბეზისკენ გააგრძელა გზა, სადაც მდინარე ოკეანეს უერთდება და პირველი ევროპელი გახდა, ვინც ტრანსკონტინენტალური გზა გაჭრა სამხრეთ აფრიკის გავლით.
* * *
1858 წელს ლივინგსტონმა, რომელმაც ‘’ტბებისა და მდინარეების მხარე’’ უწოდა აფრიკას, ჯერ მდინარე ზამბეზი შეისწავლა კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში, მერე ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა შირეს მდინარისა და ჩილვას ტბის საკვლევად, მოგვიანებით კი, მალომბეს ტბა აღმოაჩინა და რამდენიმეკილომეტრიანი ჭაობის გავლით მალავის, იგივე ნიასას ტბას მიაღწია, რომელიც მეცხრეა თავისი სიდიდით მსოფლიო ტბებს შორის.
* * *
ძველეგვიპტური ცივილიზაციის პოპულარიზაციის ფონზე, მთავარ გამოწვევად მეცნიერებისთვის ნილოსის კვლევა და მისი სათავის მოძიება იქცა. მეტიც, მე-19 საუკუნეში ნილოსის შესწავლა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც მე-20 საუკუნეში კოსმოსის ათვისება. არ ჩამორჩა წინამორბედებს არც ლივინგსტონი, რომელმაც 1866 წელს წამოიწყო მორიგი ექსპედიცია.
მართალია, მკვლევარი დარწმუნებული იყო, რომ საიმედო გუნდი შეკრიბა, მაგრამ აფრიკელმა მეგზურებმა, რომელთაც რამდენიმე დღეში მოჰბეზრდათ წინ და უკან ხეტიალი, პროვიზიის ნაწილი, მედიკამენტები გაიტაცეს და სამუდამოდ გაუჩინარდნენ. მარტოდ დარჩენილი ლივინგსტონი, რომელსაც სუსტმა ჯანმრთელობამ არ მისცა ექსპედიციის გაგრძელების საშუალება მონათმფლობელების ქარავანს შეუერთდა, რომელთაც მვერუს ტბამდე მიაცილეს, მერე კი, დამოუკიდებლად მოუწია გზის გაგრძელება სამხრეთისკენ, სადაც მდინარე ლუალაბას მიაკვლია და ჩათვალა, რომ ნილოსის სათავე აღმოაჩინა, თუმცა სწრაფად მიხვდა, რომ შეცდა.
სასოწარკვეთილ ლივინგსტონს, რომელსაც არც ძალა ჰქონდა ჰქონდა გზის გასაგრძელებლად, აღარც სურვილი, შემთხვევით მიაკვლიეს არაბმა ვაჭრებმა, რომელთაც პირველი დახმარება აღმოუჩინეს და მომაკვდავი მკვლევარი უახლოეს არაბულ დასახლებაში გადაიყვანეს. მართალია, ლივინგსტონი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, რასაც სიცოცხლის ბოლომდე განიცდიდა.
* * *
უძველესი მკვლევარები და მოგზაურები საკუთარ აღმოჩენებს მეტწილად მონარქების პატივსაცემად არქმევდნენ სახელებს და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ათწლეულების შემდეგ არანაკლებ მნიშვნელობას შეიძენდნენ მათი სახელებიც. გამონაკლისი არც ლივინგსტონი აღმოჩნდა.
მართალია, მეცნიერი არასდროს ყოფილა კონგოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამერიკელმა მკვლევარმა ჰენრი მორტონ სტენლიმ მაინც მისი სახელი უწოდა ჩანჩქერს მდინარე კონგოს შესართავთან. მკვლევარის სახელს ატარებს ზამბიის პატარა ქალაქიც, რომელიც შოტლანდიელმა მისიონერებმა დააარსეს 1875 წელს. მართალია, ლივინგსტონმა რამდენიმე დარბევა გადაიტანა, მაგრამ დღეს საკმაოდ წარმატებული ქალაქია მჭიდრო დასახლებით, რომელსაც ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ, ჩანჩქერ ვიქტორიასთან სიახლოვის წყალობით.
* * *
დევიდ ლივინგსტონი 1873 წლის პირველ მაისს გარდაიცვალა ზამბიის პატარა ქალაქ ჩიტამბოში, როცა მალარიით დაავადებულს შინაგანი სისხლდენა დაეწყო, გადარჩენა კი, შეუძლებელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების შემდეგ ლივინგსტონის გული მსახურებმა იმ ბაობაბის ფესვებში დამარხეს, სადაც მკვლევარს უყვარდა დასვენება, ცხედარი კი, ქარავნით გაამგზავრეს ტანზანიაში, საზღვაო ქალაქ ბაგამოიოში. მარშრუტმა 60 დღე და 1600 კილომეტრი შეადგინა, ბაგამოიოში ჩასულ მსახურებს კი, ინგლისელი მოგზაური ვერნი ლოვეტ კამერონი შეხვდა, რომელმაც ლივინგსტონის ცხედარი ბრიტანეთში გაამგზავრა.