* ABBA –
შვედური კვარტეტი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კოლექტივად ითვლება პოპ-მუსიკის ისტორიაში, დღემდე ამოუხსნელ ფენომენად რჩება მუსიკალური კრიტიკოსებისთვის, რადგან ერთი შეხედვით ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა ჯგუფმა, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა, დროის ყველა გამოცდას გაუძლო და ათწლეულების შემდეგაც შეინარჩუნა პოპულარობა.
სწორედ ABBA გახდა პირველი ევროპული კოლექტივი, რომელიც არ შეუშინდა ამერიკელების და ბრიტანელების მონოპოლიას, ინგლისურენოვანი ქვეყნების ჩარტები დაიპყრო და მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება. მეტიც, 370 მილიონ ეგზემპლარად გაყიდული ალბომებით ABBA-ს წევრები ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების ნუსხაში მოხვდნენ და თითქმის გაუთანაბრდნენ რეიტინგის ლიდერებს - ელვის პრესლის, მაიკლ ჯექსონსა და ფრენკ სინატრას.
* * *
ჯგუფის შექმნა ბიორნ ულვეუსმა და ბენი ანდერსონმა გადაწყვიტეს 1966 წელს, როცა შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი საერთო მეგობრის წვეულებაზე. იმ პერიოდში ულვეუსი ცნობილ ჯგუფში Hootenanny Singers-ს სოლირებდა, ანდერსონი კი, პოპულარული შვედური ანსამბლის Hep Stars-ს წამყვან პიანისტად ითვლებოდა. სრულიად შემთხვევით შეხვდა ანდერსონი ძველ ნაცნობს ანი-ფრიდა ლინგსტადსაც, რომელიც 13 წლიდან მუზიცირებდა სხვადასხვა ჯგუფის შემადგენლობაში, კვარტეტის მეოთხე წევრის აგნეტა ფელტსკოგის ვოკალით კი, ულვეუსი მოიხიბლა, როცა ტელეგადაცემაში იხილა ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც საკუთარ სიმღერებს ასრულებდა.
* * *
მარტივი, თუმცა ჟღერადი სახელი ABBA-მ მუსიკოსების აბრევიატურად ქცეული ინიციალების წყალობით შეიძინა. ჯგუფის სადებიუტო გამოსვლა 1970 წელს შედგა კვიპროსზე, სადაც კვარტეტმა ერთობლივი არდადეგები მოიწყო. მართალია, პლაჟის წვეულებაზე დაწყებული კონცერტი გაეროს ჯარისკაცებისთვის მოწყობილი იმპროვიზირებული გამოსვლით დასრულდა, მაგრამ დებიუტანტების შოუმ მხოლოდ ნეგატიური შეფასება დაიმსახურა, თუმცა მუსიკოსებმა გული არ გაიტეხეს და პირველი ალბომი გამოუშვეს, რომელშიც მეტწილად ანდერსონისა და ულვეუსის კომპოზიციები შევიდა მათივე შესრულებით, ქალბატონები კი, მხოლოდ ბექ-ვოკალის პარტიებს დასჯერდნენ.
* * *
1971 წელს ჯგუფის წევრების საქმიანი ურთიერთობა პირად ცხოვრებაში გაგრძელდა. ბიორნმა აგნეტაზე იქორწინა, ბენიმ კი, ანი-ფრიდასთან გააბა რომანი და მხოლოდ 7 წლის შემდეგ სთხოვა ცოლობა. 1980-იანი წლების დასაწყისში ორივე წყვილი დაიშალა, თუმცა ჯგუფის წარმატებაზე ოჯახური უთანხმოება ნაკლებად აისახა.
* * *
მართალია, 1973 წელს ABBA-ს ‘’ევროვიზიის’’ კონკურსში სურდა მონაწილეობა, მაგრამ სიმღერამ Ring Ring მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა შვედეთის შესარჩევ ტურნეში, თუმცა ერთი წლის შემდეგ სწორედ ჯგუფის სინგლმა Waterloo-მ მოიპოვა ტრიუმფალური გამარჯვება. მეტიც, სამი ათწლეულის მანძილზე კონკურსში მონაწილე უამრავი ნიჭიერი ჯგუფისა და სოლისტის მიუხედავად, 2020 წელს სწორედ შვედი მუსიკოსები დასახელდნენ ‘’ევროვიზიის’’ საუკეთესო შემსრულებლებად, მათი Waterloo კი, ჰიტად და კონკურსის ერთგვარ ჰიმნად იქცა.
სხვათა შორის, სწორედ ‘’ევროვიზიის’’ წყალობით მოიპოვა ABBA-მ მსოფლიო აღიარება,
1970-იანი წლების ბოლოს - განსაკუთრებით წარმატებულ პერიოდში კი, ისე გაიზარდა მასზე მოთხოვნილება, რომ მხოლოდ საერთაშორისო კონცერტებით გაამდიდრა შვედეთის ბიუჯეტი 1 მილიონი კრონით. მეტიც, პოპულარობითა და ფინანსური მოგებით, ჯგუფი მხოლოდ ავტომწარმოებელ Volvo-ს ჩამორჩა, რომელიც შემოსავლის უმსხვილესი წყაროა სკანდინავიაში.
* * *
ენერგიული კომპოზიციების შემდეგ ABBA-ს წევრებმა ექსტრავაგანტური ხშირად გამომწვევი კოსტიუმებითაც გაითქვეს სახელი. თუმცა, ჩაცმის მსგავსი სტილი მუსიკოსებმა არა საკუთარი სურვილით, არამედ იძულებით აირჩიეს დამატებითი გადასახადებისგან თავის ასარიდებლად. შვედური კანონმდებლობით გადასახადი სასცენო კოსტიუმზე, რომელიც მხოლოდ შოუებისთვის გამოდგება, ბევრად ნაკლებია, ვიდრე სამოსზე, რომლის მორგება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება, ამიტომ მუსიკოსები მხოლოდ იმ სამოსს იკერავდნენ, რომლითაც წარმოუდგენელი იყო ქუჩაში გასვლა. ‘’მართლაც საშინელი კოსტიუმები გვეცვა, ალბათ უგემოვნოდ ჩაცმის კონკურსი რომ მოეწყოთ, ჩემპიონები გავხდებოდით’’, - იუმორით გაიხსენა ბიორნ ულვეუსმა.
* * *
1976 წელს ABBA შვედეთის მონარქის კარლ XVI გუსტავის წინაშე წარსდგა ახალი სიმღერით Dancing Queen და სწორედ ასე მიულოცა მომავალი ქორწინება. კომპოზიციით ბრიტანეთის დედოფალიც აღფრთოვანდა, ‘’ყოველთვის სიამოვნებით ვცეკვავ ამ სიმღერაზე, რადგან დედოფალი ვარ და ძალიან მიყვარს ცეკვა’’, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.
ერთი წლის შემდეგ, უკვე სუპერვარსკვლავის სტატუსით ჯგუფმა ბრიტანეთში მოაწყო მასშტაბური ტური. კონცერტების სერია მუსიკოსებმა ბირმინგემიდან დაიწყეს, თუმცა შოუზე მოხვედრა ფანების უმეტესობამ ვერ შეძლო, რადგან Birmingham Odeon-ის ცნობილი დარბაზი მხოლოდ 2 500 მაყურებელზე იყო გათვლილი, მსურველთა რიცხვმა კი, 50 ათასს გადააჭარბა. ანალოგიური პრობლემა შეიქმნა ლონდონშიც, ‘’ალბერტ-ჰოლში’’ გამართულ კონცერტზეც, როცა 3,5 მილიონმა მელომანმა მოინდომა საყვარელი ჯგუფის მოსმენა, თუმცა დარბაზმა მხოლოდ 11 ათასი დაიტია.
ბრიტანული წარმატების შემდეგ ABBA-მ ავსტრალიაში გადაინაცვლა, სადაც 11 კონცერტი მოაწყო. ტურნეს, რომელმაც პრესის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა, აჟიოტაჟი და მასობრივი ისტერია მოჰყვა, რაც ბრწყინვალედ ასახა ლასე ჰალსტრიომმა ფილმში ABBA: The Movie. სხვათა შორის, ცნობილი რეჟისორი, ფილმების ‘’შოკოლადის’’ და ‘’მეღვინეების წესების’’ ავტორი 1970-იან წლებში სწორედ ABBA-ს კლიპმეიკერად მუშაობდა.
* * *
ABBA-ს პოპულარობა 1980-იანი წლების დასაწყისში შემცირდა. კვარტეტის ბოლო გამოსვლა ბრიტანეთში, The Late, Late Breakfast Show-ს ეთერში შედგა 1982 წლის დეკემბრის თვეში, ბოლო ნამუშევრად კი - კომპოზიცია Thank You For the Music ჩაითვალა, რომელიც რამდენიმე კვირაში იქცა ჰიტად. მართალია, ჯგუფის წევრებს ოფიციალურად არასდროს განუცხადებიათ, მაგრამ 1983 წელს ABBA საბოლოოდ დაიშალა, რადგან მუსიკოსებმა დამოუკიდებლად დაიწყეს მუშაობა. ლინგსტადსმა სადებიუტო ალბომი ჩაწერა, რომელმაც გამოსვლისთანავე მოიპოვა პოპულარობა, ფელტსკოგმა სოლო გამოსვლებით მოიპოვა წარმატება, ულვეუსი და ანდერსონი კი, მიუზიკლებით დაინტერესდნენ.