ომის მე-19 დღეს ისრაელში კვლავ დაძაბული ვითარებაა. ჰამასმა გასულ ღამეს ათობით საჰაერო თავდასხმა განახორციელა. დიდ ქალაქებში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა. ისრაელში მიმდინარე პროცესებზე შეხვედრა „ჰეზბოლას“„ისლამური ჯიჰადისა“ და „ჰამასის“ ლიდერებმა გამართეს. ტერორისტული დაჯგუფებებების ლიდერები კოორდინაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. პარალელურად, 200-ზე მეტი ისრაელელი ჰამასის ტყვეობაში რჩება. მძიმე ვითარებაა ღაზაშიც, ისრაელი სარაკეტო შეტევებს აგრძელებს და სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ქვეყნის მოიერიშე თვითმფრინავებმა დილით სირიის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურას და ნაღმმტყორცნებს დაარტყეს. თავდასხმა ისრაელის მიმართულებით რაკეტის გასროლის საპასუხოდ განხორციელდა. სირიის სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშს რვა სირიელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინთან პალესტინელებთან შეტაკების დროს დრონით თავდასხმა განახორციელეს და ორი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება ისრაელის მიერ ჯენინის ლტოლვილთა ბანაკთან პატრულირების განხორციელებას მოჰყვა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.