ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ბოლო, ანუ 2022 წლის რეიტინგში, ბოთლის ღვინის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-15 ადგილზეა. ასოციაციამ მსოფლიოში ღვინის ექსპორტიორი 50 უმსხვილესი ქვეყნის სია წარმოადგინა. მათი მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ღვინის ექსპორტმა 248 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ქვეყნიდან დაახლოებით 100 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი 2,49 დოლარს შეადგენდა. ასოციაციის მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო 2019 წელს ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მე-16, 2018 წლის ბოლოსთვის მე-17, ხოლო 2017 წელს მე-19 ადგილზე იყო. გასული წლის მონაცემებით, ბოთლის ღვინის მთავარი ექსპორტიორი ქვეყნები ტრადიციულად საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი არიან. მათი საექსპორტო ღვინის ღირებულება ყოველწლიურად მილიარდებში იზომება. რაც შეეხება ბოთლი ღვინის საექსპორტო ფასს. ყველაზე ძვირად ფრანგული ღვინო ფასობს, ერთი ლიტრი დაახლოებით 7,5 დოლარი. იტალიური ღვინო საშუალოდ 4 დოლარი და 48 ცენტი ღირს, ხოლო ესპანური ოდნავ ძვირია ქართულზე და 3 დოლარსაც კი ვერ აღწევს. რა თქმა უნდა აქ არ არის საუბარი მაღალი კლასის ძვირად ღირებულ ღვინოებზე, რომლის ფასიც საქართველოში მაგალითად 750 ლარიდან იწყება და 3000 ლარსაც აღწევს ერთი ბოთლი უსახელაურის შემთხვევაში. მსოფლიო მასშტაბით კი ყველაზე ძვირად ღირებული ღვინოები კრისტის აუქციონზე იყიდება და ბოთლის ღირებულება ვაჭრობის შესაბამისად 100 ათას დოლარსაც კი აჭარბებს.