ტოვებს თუ არა ნიკა მელია ,,ნაციონალურ მოძრაობას”. კითხვა, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ კვლავ არაფორმალურ მმართველობაზე ისაუბრა და თქვა, რომ არაფერი ესაქმება პარტიაში, რომელსაც დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთობლივად მართავენ. „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე თვლის, რომ ნიკა მელია, რამდენიმე პირთან ერთად, სამთავრობო მედიის პროპაგანდას აჰყვა. კითხვაზე, აპირებს თუ არა ნიკა მელიას პარტიიდან გარიცხვას, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს, რომ მას გადაწყვეტილების მიღება არ მოუწევს, რადგან მელია პარტიას დიდი ხანია დაშორდა. სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ, დღითიდღე სუსტდება.