რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის რამდენიმე ოლქის ათობით დასახლება ოკუპანტების საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინული ჯარების პოზიციებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე 10 სარაკეტო და 63 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი თავს 58-ჯერ დაესხნენ. რუსეთის ტერაქტების შედეგად, დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შედეგად დაიღუპა 508 და დაშავდა 1 138 ბავშვი, უწყების განმარტებითვე, ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, ქვეყანამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეცხრე ტრანში, მილიარდ ნახევარი ევრო მიიღო. მისი თქმით, ამჟამად მთავრობა ევროკომისიასთან ერთად ახალ გრძელვადიან პროგრამაზე მუშაობს, რომლის საერთო მოცულობა 50-ი მილიარდი ევროა.