2023 წლის ზაფხულში დაფუძნებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ამჟამად მათი საქმიანობის განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს,სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ იწვევს კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო როგორც უშუალოდ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც პირდაპირი შეხება აქვთ საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან.
თავის მხრივ, დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის, კერძოდ კი საბანკო პროდუქტების არსებული შეზღუდვები. საუბარი შეეხო საბანკო ტრანზაქციების განხორციელების დროს წარმოშობის სერტიფიკატებისა და საავანსო გადარიცხვების თემატიკას, რომელიც ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით „საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას“.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორები, იგეგმება გამოწვევების დაძლევის მიზნით წინადადებების/კონცეფციის შემუშავება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართა, შეხვედრის ფარგლებში BAG-ის წევრი კომპანიებთან ერთად შევაჯერეთ პოზიციები, რომელიც უკავშირდება ინდუსტრიაში არსებულ მთავარ გამოწვევებსა და პრობლემებს. სწორედ, ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვაპირებთ, კონსულტაციების გამართვას შესაბამის უწყებებთან, რადგანაც პროფესიული და კომპეტენტური მოსაზრებების გაზიარება წაადგება წარმოქმნილი სირთულეების დაძლევისთვის აუცილებელი სამოქმედო გეგმის შემუშავებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.