საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება. ერთკვირიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 91 დოლარს აღწევს, ამერიკული ნედლი ნავთობის ფასი კი 87 დოლარის ფარგლებშია. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ კვირაში 4.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 20 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება. აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც. ენერგორესურსების გაძვირება ისრაელი-ჰამასის სამხედრო კონფლიქტსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებას უკავშირდება. ინვესტორები და ტრეიდერები შიშობენ, რომ კონფლიქტის გამწვავება ახლო აღმოსავლეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას გამოიწვევს, თავად ეს რეგიონი კი ნავთობის გლობალური მარაგის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.