დღეს, ბუქარესტში მიმდინარე ALDE-ს პარტიების საბჭოზე საქართველოს შესახებ საგანგებო რეზოლუცია მიიღეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.
პარტიის ცნობით, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან რეზოლუციის ინიციატორი სამი ქვეყანა: საქართველო, ნიდერლანდები და გერმანიაა.
„ALDE მკაფიოდ აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაა საჭირო. რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას, დაგმობილია შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები, ასევე ქართული ოცნების ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ანტიუკრაინული პროპაგანდა და რიტორიკა. „ალდე“ შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით სხვა ქვეყანაში გადაყვანაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უმჯობესდება.
ALDE საქართველოს მთავრობას და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს:
სასწრაფოდ განახორციელონ საჭირო რეფორმები ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად;დაიცვან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები;სრულად დაიცვან ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების გადაწყვეტილებები და დეკლარაციები;დაიწყონ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალო მიზნებით ქვეყნიდან გაყვანის პროცედურა;გააუქმონ შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ კანონში შეტანილი ანტიდემოკრატიული ცვლილებები;შეწყვიტონ ძალადობა ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების მიმართ;შეწყვიტონ მიმდინარე ანტიდასავლური და ანტიუკრაინული პროპაგანდა“, - აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.მათივე ცნობით, სამ ქვეყანასთან წინასწარ შეთანხმებული და კოორდინირებული რეზოლუცია, ALDE-ს პარტიების საბჭოს სხდომაზე სერგო ჩიხლაძემ წარადგინა.
როგორც ჩიხლაძემ განაცხადა, რეზოლუცია ერთხმად მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც 3 ქვეყანა არის რეზოლუციის ინიციატორი და წარმდგენი, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველო. რეზოლუცია ერთხმად მხარს უჭერს ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ფაქტობრივად, ბოლო შეხსენება და მოწოდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ და ბოლო მაღალი რანგის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ეხება, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე. ჩვენი მეგობრებისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებების შესაბამისობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ისტორიულ მინიმუმზე - 31%-ზეა დასული, რაც რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს”, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.