ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც - ერთადერთი განმასხვავებელი უპირატესობა ისაა, რომ ალბათ, მოლდოვასა და უკრაინაში არაა ოპოზიცია, რომელიც არანორმალური ტემპით იბრძვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეეშალოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს.
„კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, პოზიტიური მოლოდინი მაქვს. არა პიარული შეფასებებისა და ანგაჟირებული, არასწორი, მცდარი აღქმების საფუძველზე, არამედ შინაარსობრივად ვიცნობ იმ რეფორმებს, რომლებიც განხორციელებულია და რეალურად მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს პოზიტიური. ამას მაფიქრებინებს არა მხოლოდ შარშან ევროპული პერსპექტივის მონიჭების გადაწყვეტილების შემდეგ განხორციელებული რეფორმები, არამედ ის გარემოება, რომ თუ მოლდოვამ იმ კონდიციით, რომელშიც იმყოფებოდა, დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, საქართველო, ბუნებრივია, იმ დროსაც იმყოფებოდა უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე მოლდოვა. უკრაინაზე, გასაგები მიზეზების გამო, აღარ ვიტყვი. ასეთ ფონზე ნათელია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ერთადერთი ის განსხვავებაა, რომ ალბათ, მოლდოვასა და უკრაინაში არაა ოპოზიცია, რომელიც მუდმივად და დაუღალავად, არანორმალური ტემპით იბრძვის, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში ხელი შეეშალოს. ერთადერთი განმასხვავებელი უპირატესობა, რაც იმ სახელმწიფოებს აქვთ, ესაა. იქ არავის უთქვამს, ხალხი იმსახურებს და ქვეყანა არაო.
ბუნებრივია, მცირე ალბათობით უნდა დავუშვათ იმ შეცდომის გამეორების რისკი, რომელიც დაშვებული იყო. საბედნიეროდ, ევროპაშიც კარგად აღიქვამენ, ერთი მხრივ, შარშან დაშვებული შეცდომის არსს, მეორე მხრივ კი ინტერესს, რომელიც ევროპას აქვს საქართველოს მხრიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. კარგად უნდა გავიაზროთ და ევროპაშიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მნიშვნელოვანი და ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, რადგან ჩვენ შემდგარი, ღირსეული ერი ვართ, რომელსაც შეუძლია ევროკავშირი ყველა თვალსაზრისით გაამდიდროს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.