ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი ვითარება გრძელდება. ბოლო მონაცემებით სამხედრო დაპირისპირებას ისრაელში სულ მცირე 1 400, პალესტინაში კი 4 000 ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღამით ღაზის სექტორში "ჰამასის" რამდენიმე ობიექტს დაბომბეს. ისრაელის ავიაიერიშის სამიზნეს ჰამასის სამეთაურო ცენტრები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ამას გარდა, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით სამხრეთ ლიბანში რამდენიმე დარტყმა მიაყენეს "ჰეზბოლას" სამხედრო ობიექტებსაც. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჰამასმა ორი ამერიკელი ტყვე გაათავისუფლა. წყაროების ცნობით, დედა და ქალიშვილი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, წითელ ჯვარს გადასცეს. მათი გათავისუფლება “ჰუმანიტარულ საფუძველზე” მოხდა, ვინაიდან დედა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ეგვიპტესა და ღაზას სექტორს შორის არსებული რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ადგილობრივი დროით 10 საათიდან გაიხსნება. საელჩოს ცნობით, მათთვის უცნობია თუ რა პერიოდის განმავლობაში დარჩება ღია გასასვლელი უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის. საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის ორივე მხარეს შეიძლება ქაოტური და მოუწესრიგებელი სიტუაცია შეიქმნას და ამიტომ, მოქალაქეებმა თავად უნდა შეაფასონ სიტუაცია. ამასთან ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანი, რადგან ამ ქვეყნებში ისრაელის საწინაარმდეგო განწყობებია.