თუ ვინმე ცდილობს, ჩვენს უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს - ევროკავშირთან ინტეგრაციას რაღაც ჩრდილი მიაყენოს იმაზე საუბრით, რომ პარალელურად ჩინეთთან ვაძლიერებთ ურთიერთობებს, მოგიწოდებთ ნახოთ, მოუსმინოთ ევროკავშირს, რას ბრძანებს ბორელი, როგორი გეგმები აქვს ევროკავშირს ჩინეთთან ურთიერთობის - მგონია, რომ აქედან რაიმე ტიპის პოლიტიკური ქულების მიღებას ვერ შეძლებთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ოპოზიციის მისამართით განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების მიმართულებით, დეკლარაციაში ცალსახად გაწერილია, რა უნდა საქართველოს და რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.
„ჩინეთთან ურთიერთობების მიმართულებით დეკლარაციაში ცალსახად გაწერილია, ჩვენ რა გვინდა, როგორ გვინდა, რომ ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დავაახლოოთ. პარალელურად საქართველო მყარად დგას საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იმპლემენტაციის მიმართულებით. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. უნდა გამოვიყენოთ ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ეფექტიანად დავაკავშიროთ აღმოსავლეთი და დასავლეთი. ეს არის ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანამ შეასრულოს და რატომ ხედავთ პრობლემებს ჩინეთთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის დაახლოებით, ჩემთვის გაუგებარია. ერთი მხრივ, ეს ყველაფერი ჩვენს ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი საგარეო ვაჭრობის დივერსიფიცირება - გვაქვს უკვე შედეგები და შეგიძლიათ, ნახოთ ციფრები. მეორე მხრივ, საუბრობდით ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის დაცვაზე. ბოდიში, მაგრამ ვერ მივიღებთ შენიშვნებს. ჩვენი უწყება მუშაობს ძალიან აქტიურად ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ანგარიშებსა და სხვადასხვა რეზოლუციაზე რომ არ ვისაუბროთ, შეგიძლიათ ნახოთ გაეროს წლევანდელი რეზოლუცია, დაითვალოთ რამდენი ქვეყნის მობილიზება მოხდა და მექანიზმებს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს, ვიყენებთ. ვერანაირად ვერ მივიღებთ შენიშვნებს, რომ ჩვენ რამე დავაკელით. რაც შეეხება ჩინეთთან ურთიერთობას, დეკლარაციაში ცალსახად წერია, რომ ორივე ქვეყანა პატივს სცემს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიმუშავეთ ამ დოკუმენტზე, რომელიც არის წარმოდგენილი და გაცხადებული და რომელიც მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ნამდვილად ხელს შეუწყობს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას, ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.