„უფლებები საქართველოს“ ცნობით, დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდ დიღომში, 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურა მტკიცებულებების დაზიანებაში ბრალდებული ექსპერტისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და მისი თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს.
მათი ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.
არსებული ინფორმაციით, პროცესი 15:30 საათისთვის ჩაინიშნა.
„უფლებები საქართველოს“ ადვოკატები და ბავშვის დედა მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ბრალდებულ ექსპერტს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა, რათა თავიდან იქნას აცილებული, მათ შორის, შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობის, მოწმეზე ზემოქმედების ან/და მტკიცებულების განადგურების საფრთხე.
ამ ეტაპზე ექსპერტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა) აქვს წარდგენილი, თუმცა „უფლებები საქართველოს“ ადვოკატები მიიჩნევენ, რომ საქმეზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით (საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობა), რასაც ორგანიზაცია თავიდანვე ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ 12 წლის ანის გარდაცვალების საქმეში საკვანძო მტკიცებულებების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის 5 ივლისს აცნობა. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.
„უფლებები საქართველო“ 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.