რუსეთში წლის პირველ რვა თვეში, ღვინის ლიდერი იმპორტიორი ქვეყნები ლიეტუვა, საქართველო და ლატვია გახდნენ, ხოლო იტალია პირველ სამეულს ჩამოშორდა. ამის შესახებ გაეროს ეროვნული სტატისტიკური სერვისების პლატფორმა Comtrade-ის მონაცემებში წერია. კერძოდ, იანვარ-ივლისში რუსეთმა ლიეტუვადან 126 მლნ დოლარის, საქართველოდან 112 მლნ დოლარის, ხოლო ლატვიიდან 79 მლნ დოლარის ღვინო შეიტანა. იტალია მეოთხე ადგილზეა, საიდანაც რუსეთში 72,7 მლნ დოლარის ღვინო შევიდა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 4%-ით ნაკლებია. Comtrade-ის მონაცემებით, 2022 წელთან შედარებით ლიეტუვამ რუსეთში ექსპორტი 20,6%-ით, საქართველომ 19,4%-ით, ხოლო ლატვიამ 18,5%-ით გაზარდა. ამასთან, თავად ლიეტუვამ და ლატვიამ ამ პერიოდში ღვინის ყველაზე მეტი იმპორტი იტალიიდან განახორციელეს. გაეროს სტატისტიკით, ზოგიერთმა ქვეყანამ, გასულ წელთან შედარებით, რუსეთში მიწოდება რამდენჯერმე გაზარდა. კერძოდ, ჩეხეთმა ოთხჯერ, საბერძნეთიდან იმპორტმა სამჯერ, მოიმატა, ასევე, სამჯერ გაიზარდა მიწოდება თურქეთიდან. Comtrade-ის მონაცემებით, საერთო ჯამში, რვა თვის მანძილზე რუსეთში 485 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო შევიდა და ამ თანხის მეოთხედზე მეტი მხოლოდ ლიეტუვის წილია. ცნობისთვის: რუსეთის მთავრობამ ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და სხვა „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ღვინის იმპორტზე დაწესებული გადასახადი გაზარდა, რამაც 1-ელ აგვისტოდან 12,5%-დან 20%-მდე მოიმატა, ხოლო ლიტრზე არანაკლებ 1,5 დოლარის ოდენობით დადგინდა. მეტიც, გამოცემა „კომერსანტს“ მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, რომ „არამეგობრული“ ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გაზრდილი გადასახადი, რომელსაც 2023 წლის ბოლომდე უნდა ემოქმედა, კიდევ გაგრძელდება. წყაროს თქმით, გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, უკვე მიღებულია.