მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების ფასი გაიზარდა, გაყიდვები კი წლიურად 17%-ით შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს გალთ ენდ თაგარტი აქვეყნებს. ივლისიდან-აგვისტოს პერიოში ბათუმში 3 902 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 17%-იანი, ხოლო კვარტალურად 1.1%-იანი კლებაა. ამასთან, კლება დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე. კვლევითი ორგანიზაციის ცნობით, მე-3 კვარტალში ბათუმში სულ 245 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, ხოლო 2023 წლის 9 თვეში ბაზრის ზომამ 750 მლნ დოლარი შეადგინა. კვლევითი ორგანიზაციის მოლოდინით, ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა 2023 წლის ბოლოს 1 მლრდ დოლარს მიაღწევს. მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში გაყიდვები შემცირდა ბათუმის თითქმის ყველა უბანში, ახალი ბულვარისა და გონიო-კვარიათის გარდა. ეს ასახავს უძრავი ქონების დეველოპმენტის გადასვლას ბათუმის გარეუბნებსა და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამასთან, ახალი ბულვარის ტერიტორია ლიდერობს მიმდინარე დეველოპერული პროექტების რაოდენობით. ამჟამად, ბათუმში მიმდინარე 189 სამშენებლო პროექტიდან 75 მდებარეობს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რაც მომავალში გაზრდის ბინების რაოდენობას ამ უბანში. საინტერესოა ისიც, რომ მცირე და საშუალო ზომის ბინების გაყიდვებმა მთლიანი გაყიდვების 90.5% შეადგინა. ასევე, გრძელდება გაყიდვებში პრემიუმ სეგმენტის ბინების წილის ზრდა და ბიუჯეტური/საშუალო სეგმენტის ბინების წილის შემცირება. ეს ცვლილება ძირითადად იხსნება ფასების ზრდით. მაგალითად, 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მთლიანი გაყიდვების 34.9% დაფიქსირდა მაღალი და პრემიუმ-კლასის სეგმენტებში, როდესაც 2022 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 23.3% იყო. ამასთან, 2023 წლის მე-3 კვარტალში ბათუმში ბინების საშუალო ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა პირველად ბაზარზე. ამასთან, წლიურად ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა გონიო-კვარიათში.