* სიმღერის ისტორია - Another Brick in the Wall - Pink Floyd –
Pink Floyd-ის ცნობილი ჰიტი Another Brick in the Wall ალბომიდან The Wall - ერთი თემით გაერთიანებულ სამი სიმღერაა განსხვავებული ვარიაციითა და ქვესათაურით - Part I, Part II და Part III. სამივე კომპოზიცია ჯგუფის ბას-გიტარისტმა როჯერ უოტერსმა შექმნა, რომელიც იმ პერიოდში Pink Floyd-ის წამყვან ავტორად ითვლებოდა.
ოთხ მილიონ ასლად გაყიდული Another Brick in the Wall პირველი სინგლი გახდა 1968 წელს ჩაწერილი Point Me at the Sky-ს შემდეგ. კომპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც ჟურნალ Rolling Stone-ის’’ყველა დროის 500 უდიდესი კომპოზიციის’’ ნუსხაში შევიდა, ‘’გრემის’’ პრემიაზე იქნა ნომინირებული, თუმცა ბობ სინგერის არანაკლებ ცნობილ ჰიტთან Against the Wind-თან კონკურენციაში დამარცხდა.
* საპროტესტო ჰიმნი -
მართალია, სიმღერა როჯერ უოტერსის ერთგვარ ავტობიოგრაფიად იქცა, რადგან მის ‘’ალტერ-ეგოდ’’ მიჩნეული მთავარი პერსონაჟი - პინკ ფლოიდიც იმავე პრობლემებით იტანჯება, რაც თვითონ განიცადა ბავშვობაში, მაგრამ კომპოზიციის მთავარი პათოსი - მაინც ბუნტია პედაგოგების წინააღმდეგ.
1950-იანი წლების ბრიტანულ სკოლებში მასწავლებლები ხშირად მიმართავდნენ ფიზიკური დასჯის, თანატოლების წინაშე დამცირების და შეურაცხყოფის მეთოდს, რაც საშინლად თრგუნავდა და სამუდამოდ ამახინჯებდა მოზარდების ფსიქიკას. სწორედ ამგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის წინააღმდეგ გაილაშქრა უოტერსმა საკუთარი კომპოზიციით, რომელიც მოგვიანებით ზოგადად პროტესტის სიმბოლოდ იქცა.
მეტიც, 1980 წელს Another Brick in the Wall სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობამ აკრძალა, რადგან შავკანიანმა სტუდენტებმა სწორედ Pink Floyd-ის კომპოზიცია აქციეს საკუთარ ჰიმნად, როცა უმაღლეს სასწავლებლებსა და ოფიციალურ სასწავლო პროგრამებში რასიზმის პროპაგანდა და მიკერძოებული დამოკიდებულება გააპროტესტეს.
* გაუცხოების კედელი -
კომპოზიციის და მთლიანად ალბომის შექმნის იდეა უოტერსს 1977 წელს გაუჩნდა მონრეალში მოწყობილი კონცერტის დროს. მართალია, 1970-იანი წლების ბოლოს Pink Floyd განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კონცერტებზე შეყრილი ათასობით თაყვანისმცემელი გართობას უფრო ცდილობდა, ვიდრე ჯგუფის შემოქმედების, მათი სიმღერების აზრის გაგებას, ‘’მსმენელთან დიალოგის ნაცვლად ჩვენი კონცერტები ნამდვილ ბაკქანალიად იქცა. უკანა რიგებში საერთოდ არ გვისმენდნენ, წინ კი, მარტო ყვიროდნენ, ხმამაღლა იცინოდნენ და ხელს კრავდნენ ერთმანეთს. გაუცხოებამ ჩვენსა და პუბლიკას შორის ზღვარს მიაღწია, ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს კედელი გვყოფდა და სწორედ ამ შეგრძნების განსახიერებად იქცა ახალი ალბომი’’, - აღნიშნა უოტერსმა.
სამნაწილიან სიმღერაში, რომელიც მელოდიითა და გაუცხოების კედლის თემით გაერთიანდა, ყოველი შემდეგი ნაწილი წინაზე ხმამაღლა და აგრესიულად ჟღერს - მამის დაღუპვით გამოწვეული სევდა პირველ ნაწილში, მეორეში - სკოლისა და პედაგოგების მიმართ ბოიკოტით, ნამდვილი საპროტესტო ჰიმნით იცვლება, მესამე ნაწილი კი, განწირულის სასოწარკვეთილი ყვირილია, რადგან მართალია, პინკიმ შეძლო ბავშვური შიშის, ტკივილის დამარცხება და პოპულარობის მოპოვება, მაგრამ ვერც წარმატებამ მოუტანა ბედნიერება, პირიქით, ნამდვილ ტრაგედიად იქცა ცოლის ღალატი, რასაც ნარკოტიკებით გატაცება და სრული იმედგაცრუება მოჰყვა.
პინკიმ, რომელიც თავისივე აშენებული კედლის წყალობით აღმოჩნდა გარე სამყაროსგან იზოლირებული, ერთგვარი სამსჯავრო მოუწყო საკუთარ თავს და აღიარა, რომ ყველა მარცხში თვითონ იყო დამნაშავე. მართალია, საბოლოოდ პინკიმ დაანგრია კედელი და თითქოს გათავისუფლდა მისი ტყვეობიდან, მაგრამ სწორედ თავისუფლება იქცა სიკვდილად, რადგან ვერ შეძლო კედლის გარეშე ცხოვრება.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კედელია უოტერსის ფსიქოლოგიური იზოლაციის ფიზიკური განსახიერება, აგურები კი, იმ ტკივილსა და ტრავმებს სიმბოლიზირებენ, რომელთაც თითქოს ვერ ამჩნევს, თუმცა სინამდვილეში, სწორედ მათი დაგროვებით, ისე როგორც აგურების ერთმანეთზე დაწყობით აშენებს გაუცხოების კედელს.
* Another Brick In The Wall Part 2 –
განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერის მეორე - საპროტესტო ნაწილმა მოიპოვა, რომლის წამყვანი ვოკალური პარტია ბავშვთა გუნდმა შეასრულა. მოზარდები პროდიუსერმა ბობ ეზრინმა მოიძია, მანვე შესთავაზა მუსიკოსებს დისკო-რიტმის გამოყენება. მართალია, თავიდან უჩვეულო შეთავაზება უოტერსთან ერთად გილმორმაც გააპროტესტა, რადგან მანამდე მუსიკოსები მხოლოდ სერიოზულ მუსიკას ქმნიდნენ და არა მსუბუქ საცეკვავო კომპოზიციებს, მაგრამ სწორედ მოზარდთა გუნდმა და დისკო-ბითებმა შესძინა სიმღერას დინამიკა, მოულოდნელი და სრულიად განსხვავებული ჟღერადობა.
გაწეული სამუშაოსთვის ბავშვებმა Pink Floyd-ის კონცერტის ბილეთები, ალბომისა და სინგლის ჩანაწერები მიიღეს საჩუქრად, თუმცა, უარი თქვეს კლიპში მონაწილეობაზე, რადგან გუნდის ხელმძღვანელმა, მისის მარგარეტ მეიდენმა კატეგორიულად გააპროტესტა მოზარდების ვიდეოში გამოჩენა და მათი ფოტოების პრესაში გამოქვეყნება. მუსიკალური სკოლის უარის შემდეგ, ეზრინმა კასტინგი მოაწყო და სულ რამდენიმე საათში შეარჩია 30 ბავშვი, რომელთა მშობლებმა პროდიუსერის ყველა პირობა მიიღეს და სიამოვნებით დათანხმდნენ საკუთარი შვილების ცნობილი ჯგუფის კლიპში მონაწილეობას.
მართალია, Another Brick In The Wall, რომელიც ალან პარკერის ფილმის ‘’კედლის’’ საუნდთრეკად იქცა, ბრიტანული კინოაკადემიის პრემიით აღინიშნა საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში, მაგრამ ლონდონის განათლების დეპარტამენტი აღმოჩნდა სიმღერის ტექსტით უკმაყოფილო. მეტიც, პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა, რომელმაც კომპოზიციას სკანდალური უწოდა, ღიად გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება და აღნიშნა, რომ ‘’უოტერსის ნამუშევარი მხოლოდ რეფლექსიაა მისსავე ცხოვრებაზე და არაფერი აქვს საერთო ბრიტანეთის განათლების სისტემასთან, რომელიც ყოველთვის საუკეთესო იყო ევროპაში’’.