უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, პაპუაშვილთან ერთად, ზურაბიშვილთან ვიყავი და გვითხრა, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო - ეს პირდაპირი მოწოდება საითკენ იყო, თქვენ იმსჯელეთ. ის რომ იმ დღეს ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, ის იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვა მიმდინარეობს.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავშირებს.
„მცირე გადახვევის სახით მინდა ერთი ისტორია გავიხსენო. ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად სალომე ზურაბიშვილთან. თვითონ ითხოვა შეხვედრა. ეს იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ალბათ, 27-28 თებერვალი იქნებოდა. შეხვედრა ასე დაიწყო - რა გინდათო. ზრდილობა მაინცდამაინც პირად შეხვედრებზეც არ ახასიათებს ქალბატონ სალომეს. ჩვენ ხუმრობით ვუპასუხეთ - ჩვენ რა გვინდა, თქვენ რა გინდათ, თქვენ ითხოვეთ შეხვედრა-თქო. ნუ, მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი. აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო. აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება. როდესაც ჩვენ მას ვუკავშირებთ კონკრეტულ ძალებს, ეს ხომ შემთხვევითი არ არის. იქიდან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. პირდაპირი მოწოდება საითკენ, ამაზე თქვენ იმსჯელეთ. მერე როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, დეტალებში არ შევალ, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ შეგიძლიათ იმსჯელოთ იმასთან დაკავშირებით, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების მიმართავს სალომე ზურაბიშვილი. თქვენ ერთი წამით წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილიყო არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, მის ხელში რომ ყოფილიყო საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელება, იმ დღეს ის იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში - წარმოუდგენელი რამ. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს საქართველოს პრეზიდენტი? ასეთი ადამიანის პრეზიდენტობა, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია, მაშინაც კი, როდესაც მას მხოლოდ სიმბოლური სტატუსი აქვს მინიჭებული,“ - განაცხადა კობახიძემ.