ქალბატონო სალომე, მინდა მოგილოცოთ, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია , - ასე მიმართა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.
მანვე კითხვით მიმართა პრეზიდენტს, საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს.
„თქვენს რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე, „რას ეტყვით თქვენს შვილებსო“, პასუხს გაგცემთ. იცით რას ვეტყვი?! - მე პირადად ვეტყვი, რომ როგორც მწამდა და მჯეროდა თავად, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ და ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებებს არ მიიღებს, ეს მინდა თქვენ, პირადად კარგად იცოდეთ.
თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, (მორალური მხარეა ეს, ამ იმპიჩმენტის, მათ შორის, პოლიტიკურიც), რომ სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი შარშანო - ეს თქვით გადაცემაში. წელს ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებსო, ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო და შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას, ლეგიტიმაციას მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს მოგვიწოდეთ, ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და დაურეკეთ და ჰკითხეთ, რა ვილაპარაკეთო. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით თუ შეიძლება, რას ელაპარაკებოდით. ვერსიებსაც გეტყვით, შეიძლება ელაპარაკებოდით, საქართველოში რაც თქვით, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს - ეს იყო ტყუილი და ახლა გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება. შეიძლება ამას ეუბნებოდით.
გაგვიმხილეთ, არავინ იცის დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლობოლო გვითხარით თქვენი პოზიცია, ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ეს დღეს მაინც გაიგოს ხალხმა“, - განაცხადა მდინარაძემ.