„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ვიზიტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმიტომ არ დააფინანსა, რომ ის ამით კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენდა და მას „ნაცმოძრაობა“ ვეღარ დაიცავდა.
ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.
ამასთან, კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 6-მა მოსამართლემ, ქვეყანას კონსტიტუცია შეუნარჩუნა.
„ჩვენ დღეს განვიხილავთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, რაც არის დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილი, თუმცა დემოკრატიის ეს ასპექტიც აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ დღეს ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის, არ დავტოვოთ კონსტიტუციის არცერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე და იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დღეს წარიმართება, არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადგენა.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი. სალომე ზურაბიშვილი რეგულარულად ითხოვდა მთავრობისგან თანხმობას. როცა ის გერმანიაში მიდიოდა ვიზიტით, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად, ის მაინც გაემგზავრა, როგორც გერმანიაში, ისე საფრანგეთში, ბრიუსელში, რითაც საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა. ეს არის უმარტივესი კაზუსი, რომელსაც იურისტობაც კი არ სჭირდება ამოსახსნელად. ამას სჭირდება უმარტივესი ლოგიკა.
ეს სამი ვიზიტი პრეზიდენტმა ბიუჯეტიდან არ დააფინანსა, თუ ლეგიტიმური იყო, რატომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები? აქ არის მარტივი ახსნა - სალომე ზურაბიშვილს ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში და მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ზუსტად იცოდა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშე, ის არ იქნებოდა გადაყენებული პრეზიდენტის თანამდებობიდან. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, თუმცა მას არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პროკურატურაში. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევით ის არამხოლოდ დაარღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ასევე ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს და მას უკვე „ნაცმოძრაობა“ ვეღარ დაიცავდა. ეს სამი მტკიცებულება ადასტურებს, რომ პრეზიდენტს ბოლო დღეებამდე გააზრებული ჰქონდა საკუთარი სამუშაო ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება.
საკონსტიტუციო სასამართლოს 6-მა მოსამართლემ ამოხსნა უმარტივესი კაზუსი. ეს მნიშვნელოვანი იყო არამხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ დადგინდა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, არამედ მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ ამით საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანას შეუნარჩუნა კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლო რომ წასულიყო იმ განმარტებით, რომელიც წარმოადგინა სამმა მოსამართლემ, დღეს საქართველოს აღარ ექნებოდა კონსტიტუცია და ჩვენი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, გარდაიქმნებოდა ჰიბრიდულ მახინჯ მოდელად“, - განაცხადა კობახიძემ.