პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ საიმპიჩმენტო პროცესს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დაესწრებიან.
მისივე განმარტებით, პარტიამ აღნიშნულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.
„გაცნობებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ წერილია შემოსული, რომ ისინი დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და არ დაესწრებიან დღევანდელ სხდომას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა დაიწყო.
იმპიჩმენტი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე დაისმება კითხვები და იქნება პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლები.
განხილვაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.