საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, რის შედეგადაც ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.
გიორგი ჩიტაურის გუნდმა ქუთაისში, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ლიეტუვის ნაკრებს უმასპინძლა და ქულაც ეყო საიმისოდ, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო. საქართველო სწრაფად დაწინაურდა, მე-5 წუთზე რეზი დანელიას ძალიან ლამაზი გოლით, რომელმაც შორი მანძილიდან მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
სტუმრებს გათანაბრება სულ მალე, 3 წუთში შეეძლოთ, მაგრამ ნედას გარბალიაუსკასმა პენალტი ვერ გაიტანა, მას საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ყავლაშვილმა აჯობა. ჩიტაურის გუნდი კარგა ხანს ინარჩუნებდა უპირატესობას, თუმცა, 85-ე წუთზე ლიეტუვამ ანგარიში დოვას გრუძინსკასის გოლით გაათანაბრა, რაც ყავლაშვილის შეცდომას მოჰყვა.
საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა, ხოლო პარალელურად, ჯგუფის მეორე მატჩში დანია და ავსტრია დაზავდნენ (2:2). ამგვარად, ჯგუფში პირველი ადგილი ავსტრიის 17-წლამდელთა ნაკრებმა დაიკავა 7 ქულით, ხოლო საქართველომ 4 ქულით მეორე საფეხურზე გასვლა შეძლო, რაც ელიტ რაუნდის საგზურის მომტანია. დანიამაც 4 ქულა დააგროვა, მაგრამ ურთიერთშეხვედრაში საქართველომ სკანდინავიელებს აჯობა (2:1). შეგახსენებთ, რომ საქართველოს U17 ნაკრებმა ლიეტუვასთან ფრემდე, დანიას 2:1 მოუგო, ხოლო ავსტრიასთან 1:2 წააგო.
31 ნაკრებს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია, ელიტ რაუნდში 17-წლამდელთა შორის საუკეთესო კოეფიციენტის მქონე ნიდერლანდები დაემატება, რომელიც ელიტ რაუნდში ავტომატურად არის დაშვებული. 32 ნაკრები ოთხგუნდიან 8 ჯგუფში დეკემბერში, წილისყრის შედეგად გადანაწილდება, რომელთა გამარჯვებულები და შვიდი საუკეთესო მეორე ადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა. ელიტ რაუნდის მატჩები სავარაუდოდ მარტში გაიმართება. ცნობისთვის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გაისად 20 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით კვიპროსი უმასპინძლებს, რომელიც ტურნირზე ავტომატურად არის დაშვებული.