"ბათუმი არენაზე" საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლის მე-4 თამაშში შვედეთის U21 ნაკრებს უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. ამჯერად, გუნდმა ბევრად უკეთ ითამაშა, ვიდრე ხუთი დღის წინათ ნიდერლანდებთან, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია და მხოლოდ ქულა ჩაიწერა აქტივში.
საქართველოს ნაკრებმა 12 ოქტომბერს პირველი ქულები ბათუმში დაკარგა, როცა ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა. ნაკრების თავკაცმა რამაზ სვანაძემ რამდენიმე ცვლილებას მიმართა - სასტარტოში ვიხილეთ ლაშა ოდიშარია და ეროვნული გუნდიდან დაბრუნებული გაბრიელ სიგუა. მატჩი კი წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც ბრიუსელის ტერაქტისას დაღუპული შვედი ფანების ხსოვნას მიეძღვნა.
პირველ ტაიმში თითქმის 100%-იანი საგოლე შანსები შეექმნათ გიორგი კვერნაძეს და ლაშა ოდიშარიას. თუ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფროზინონეს შემტევმა მას დუელი ვერ მოუგო, დინამო თბილისის გარემარბს უბრალოდ, ფეხი დაუცდა. კვერნაძეს ტაიმის ბოლო წუთზე სტუმართა მეკარემ კიდევ ერთხელ არ გაატანინა.
მომენტები მეორე ტაიმშიც იქმნებოდა, მაგრამ ქართველი შემტევები ხშირად ტექნიკურ წუნს უშვებდნენ, ან კვლავ მეკარე ოლივერ დოვინი თამაშობდა კარგად.
რამაზ სვანაძის გუნდი C ჯგუფშია, სადაც დღეს კიდევ ორი მატჩი გაიმართა. მოლდოვის ნაკრებმა შინ 2:1 დაამარცხა ჩრდილოეთ მაკედონია, ხოლო ნიდერლანდებმა სტუმრად გიბრალტარს ანადგურებს - 5:0 (მატჩი სრულდება). 4 ტურის შემდეგ ნიდერლანდები 12 ქულით ლიდერობს, შვედეთს და საქართველოს 7-7 ქულა აქვთ (შვედეთი 9:1-ზე, საქართველო 3:3-ზე), მოლდოვა 6 ქულით მეოთხეა.
ევრო 2025-ზე ჯგუფის გამარჯვებული გადის, ხოლო ყველა ჯგუფის 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი ოფში ითამაშებს დარჩენილი სამი საგზურისთვის.